პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში გრძელდება. შეხვედრები დღესაც გაიმართება, მათ შორის დაგეგმილია აუდიენცია უნგრეთის პრეზიდენტთან. მანამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. „ქართული ოცნების“ წევრები ორბანთან შეხვედრას უმნიშვნელოვანეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების პარალელურად, ვერც ერთი ევროპელი ბიუროკრატი და ცალკეული პოლიტიკოსი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შესახებ, უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისათვის მათ ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, – წერს ვიქტორ ორბანი.