კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა ევროპელ პარტნიორებთან საკომუნიკაციოდ – ქართული დელეგაცია სტამბოლში შეხვედრებს მართავს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მონაწილეებმა რამდენიმე საათის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს. გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგარეო ჩარევები და მისგან მომდინარე საფრთხეები იყო. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზებიც. საერთაშორისო წესრიგის ცვლილების და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე აქცენტირებული იყო მშვიდობის მნიშვნელობა. ევროინტეგრაციის შეჩერებაზე და ევროკავშირთან შეჩერებულ დიალოგზე ქართულმა დელეგაციამ ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან პირისპირ შეხვედრებზეც ისაუბრა. ბრიუსელის მწვავე კრიტიკის და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერებული ზეწოლის ფონზე დღევანდელი შეხვედრების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია. გზავნილია, რომ დიალოგის პროცესი უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც თურქეთში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე გაააქტიურა, 2027 წელს ეუთო-ში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება. ქართული მხარე ამ პროცესში წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.