პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ სლოვაკეთში საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი პირველი პირი ჩავიდა.
შალვა პაპუაშვილმა სლოვაკი კოლეგისგან სხვადასხვა მიმართულებით მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. ეს დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია სლოვაკეთში. მხარეები საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თბილისსა და ბრიუსელს შორის გაუარესებული ურთიერთობა და ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები. ოფიციალური ბრატისლავას პოზიციით, სანქციების ნაცვლად საჭიროა დიალოგი კონსტრუქციული ურთიერთობის აღსადგენად. სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა განსაკუთრებული აქცენტი გლობალური გამოწვევების და არასტაბილურობის ფონზე საქართველოს გაზრდილ სატრანზიტო პოტენციალზე გააკეთა და ქვეყანა მნიშვნელოვან სატრანსპორტო საყრდენად მოიხსენია. ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სლოვაკეთიდან დახმარების და მხარდაჭერის პირობა მიიღეს.