პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩეხეთში
ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი დიალოგი გრძელდება.
ბელგიისა და ლუქსემბურგის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთშია ჩასული. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ჩეხ კოლეგებს ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების და ურთიერთობის გაუარესების მიზეზებს აცნობს. ვიზიტის მიმართ ინტერესს ზრდის ის გარემოება, რომ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა ევროკავშირისადმი კრიტიკული პოზიციებით და დამოკიდებულებით გამოირჩევა. უკვე შედგა შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა, ანუ დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან. სწორედ ტომიო ოკამურამ მიიწვია შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით. როგორც ირკვევა, დაისვა კითხვები ბრიუსელთან დაძაბულობაზე და მათ შორის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე, რომლის გაუქმება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მმართველი გუნდი ევროკავშირთან დიალოგის აღსადგენად წევრ ქვეყნებთან პირდაპირ კონტაქტებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მათთვის ინფორმაციის პირადად მიწოდებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეხვედრების შემდეგ ქართული მხარე აცხადებს, რომ ჩეხეთის საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ბევრ საკითხზე პოზიციების თანხვედრაა. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად არანაკლები ინტერესის სფეროშია ჩეხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და შუა დერეფნის საკითხი.