პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის 

ბოლო ერთ წელში უკვე მეორედ შეცვლილი პარლამენტის თავმჯდომარე.

კახა კუჭავამ თანამდებობა და მანდატი დატოვა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი შალვა პაპუაშვილი ხდება, რომელიც განათლების და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილება მედიას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოუცხადა, მანვე წარადგინა სპიკერის პოზიციაზე ახალი კანდიდატურა. კუჭავას მიზეზები არ დაუკონკრეტებია. თქვა მხოლოდ ის, რომ პოსტის დატოვება მისი სურვილი იყო და გუნდს ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობა. წინა კვირას, როდესაც პარლამენტში მინისტრების მოსმენა მიმდინარეობდა, კახა კუჭავას სხდომები აღარ წაუყვანია. მან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა რვა თვის წინ, საკმაოდ რთულ დროს ჩაიბარა – ეს ის პერიოდია, როცა ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი შეწყვიტა და შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტებზე სამუშაოდ პარლამენტში შევიდა. საკანონმდებლო რეფორმების პროცესის ახალ სტანდარტზე გადასვლა და ოპოზიციასთან თანამშრომლობა მომავალი თავმჯდომარის მთავარი გზავნილია.