პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში 2026 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს ეხმიანება და ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას რამდენჯერმე უსწრებს. მისივე განცხადებით, ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა, რომელსაც ქვეყანა არასდროს დათმობს.
„მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას. ევროკავშირში დღეს ეს ბევრისთვის ცხადია: ენერგომატარებლების მაღალი ფასები, საწარმოების საზღვარგარეთ გადინება, უმეტეს ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა და ბევრი სხვა პრობლემა. მოლდოვის მაგალითი ამ განსხვავებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აჩვენებს. მოლდოვამ, რომელსაც 2021 წელს 13.9-%-იანი ზრდა ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პოლიტიკა ბრიუსელის მოთხოვნებს დაუქვემდებარა, 2022 წელს, ჯერ 4.6-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა განიცადა, მაშინ, როცა იმავე წელს ჩვენ 11-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, 2023 წლიდან კი ერთ-პროცენტიანი ზრდის ფარგლებს ვერ გასცდა. ევროკავშირიდან დაპირებული მილიარდების ფონზეც კი, წელს მოლდოვის ეკონომიკა მხოლოდ 1,5- პროცენტით გაიზრდება, რაც საქართველოს, 7.2-პროცენტიან ზრდასთან შედარებით, ხუთჯერ ნაკლებია. ეს სხვაობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მას კონკრეტული ფასი აქვს. დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს. ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა, და ის არასდროს უნდა დავთმოთ“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.