პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე. მისი თქმით, 2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო. მისივე თქმით, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებულია რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.