პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება  

რუსეთისა და შტატების პრეზიდენტების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, ტრამპი რომ იმ პერიოდში პრეზიდენტი ყოფილიყო. განცხადებაში ვკითხულობთ: „ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო. ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს. ამასთან, ეს დასტური ასევე პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა – მარიონეტები. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი – სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც „შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე“, „ბომბების წვიმაზე“ და „ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე“ უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.