პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების განცხადებას ვრცელი წერილით ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკას და ტურიზმს თავს ესხმიან. შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომდა საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო. ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ. ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი – ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა. სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა. სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით: 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა – საქართველოს 1 250 მოქალაქეს. ამავე პერიოდში უარი ეთქვა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა – საქართველოს 145 მოქალაქეს. 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა – საქართველოს 4 825 მოქალაქეს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე“. – ნათქვამია განცხადებაში, სადაც შალვა პაპუაშვილს დეტალური სტატისტიკა მოჰყავს და დეპორტაციაზეც აკეთებს აქცენტს.