არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ.
მანამდე, ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად, სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა, ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით. ენჯეო-კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება „ათასი ბორცვის რადიოს“, ზიზღის გამღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა 30 წლის წინ, რუანდაში დატრიალებულ გენოციდში. წერს პაპუაშვილი.
ამ საშიში და მასიური სიძულვილის კამპანიის პროცესში, გულუხვი დაფინანსებით, მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად აცხადებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და, რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას. უცხოელი დიპლომატების ახალი ტენდენცია, მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ესტუმრონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართული არიან ქუჩის ძალადობასა და ზიზღის კამპანიაში, კიდევ მეტად ახალისებს ამ ჯგუფებში განუკითხაობის შეგრძნებას. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, გააგრძელონ უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის მანამდე არსებული პრაქტიკა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.