პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში

პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილი ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია სპიკერის წლიური ანგარიშიდან, რომელიც დღეს დეპუტატებთან ერთად მთავრობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა მოისმინა. შეჯამდა მთავარი პოლიტიკური მოვლენები. ბოლო წლების გამოწვევებს შორის ოპოზიციის ნაწილის ქმედებებიც დასახელდა. რადიკალიზმი, დესტაბილიზაციის მცდელობა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის გავრცელება – ყველა ამ ბრალდების ადრესატი დღეს ოპოზიცია იყო. კრიტიკის სამიზნე გახდა პრეზიდენტი და მესამე სექტორის ნაწილიც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური დაფინანსების გასაჯაროებისკენ და საქმიანობის გამჭვირვალობისკენ მოუწოდა. ოპონენტებმა სპიკერს აქცენტები დაუწუნეს. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის დღევანდელ გამოსვლაში გეგმებზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზებზე საუბრის ნაცვლად მხოლოდ პოლარიზაციის ზრდის მცდელობა ამოიკითხა.