პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია – შალვა პაპუაშვილის გზავნილები
ევროკავშირის მისამართით საქართველოს ხელისუფლების მკაცრი გზავნილები ამჯერად ჟენევიდან გაჟღერდა.
ათეულობით ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეები შვეიცარიაში მსოფლიო კონფერენციაზე არიან შეკრებილები. მათ შორისაა შალვა პაპუაშვილი, რომელმაც გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გამოსვლის დიდი ნაწილი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბარს მიეძღვნა, რაც სუვერენიტეტის დარღვევასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა. უცხოური დაფინანსების საფრთხეები, ამ კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა, საერთაშორისო გამოწვევები, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება მიმართვის მთავარი თემები იყო. ჟენევაში ორმხრივი შეხვედრებიც მიმდინარეობს, რა დროსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი უცხოელ კოლეგებს საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე და სადავო კანონებზე აწვდის ინფორმაციას. ბუნებრივია, განხილვის თემაა ევროინტეგრაციის პერსპექტივა და ის მიზეზები, რის გამოც ბრიუსელთან დიალოგი ყველაზე დონეზე შეჩერდა.