სრულად განახლებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ისტორიული ობსერვატორია და ცნობილი კურორტის ახალი სიცოცხლე – მთავრობის, კერძო სექტორის და ფონდ „ქართუს“ თანამშრომლობის შედეგს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო.
შალვა პაპუაშვილი დაბა აბასთუმანში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ცნობილი სამთო-ბალნეოლოგიური კურორტის განახლების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო. პროექტის ფარგლებში უკვე სრულად განახლდა არაერთი ისტორიული შენობა, პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ეკომეგობრული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კურორტი იქნება. შალვა პაპუაშვილი სამცხე ჯავახეთს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში სტუმრობს.