პარლამენტის სხდომა

15:20, 14.05.2026

დაპირისპირებისა და ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე წარიმართა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. გახარიას თანაგუნდელმა სოფიო ხორგუანმა, კანონპროექტის შეფასებისას, პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების წარსული გაიხსენა, ისინი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გააკრიტიკა და კლანური ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა. ხორგუანმა თქვა, რომ მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პასუხისმგებლობას თავს არიდებს. „სამარცხვინო“ უწოდა გახარიას თანაგუნდელების ქცევას პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, მსგავსი უღირსი საქციელი და კოლეგების შეურაცხყოფა, პარლამენტის წევრმა არ უნდა იკადროს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 72 ხმით 9 -ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ინიციატორის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ხელშეწყობას. გიორგი გაბუნიას თქმით, შემოდის ეფექტური მექანიზმი და თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხდება დელეგირება თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ, თავად მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს წესს და პირობებს.

მსგავსი