პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ გაიხსნება
მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ საშემოდგომო სესიას ოფიციალურად გახსნის – რა თემებზე იქნება მსჯელობა, ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორისაა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცება, გახარია-საქართველოსთვის პარტიის წევრების ადგილმონაცვლეების საკითხის განხილვა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მოსმენა. ეს დოკუმენტი ბიუროს დღეს წარედგინება, პლენარულ სხდომაზე კი მისი მოსმენა მიმდინარე კვირაში იგეგმება. 430-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე ზეწოლა, პირადი თვალთვალისა და შანტაჟის შემთხვევები. დასკვნა 800-მდე ახსნა-განმარტებითი განაცხადის, 139 პირის გამოკითხვისა და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მომზადდა. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდება.