პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა

ნიურნბერგის პროცესი დაგვიანებით შედგება, 2012 წელს, როცა რეჟიმი დამარცხდა, ხელისუფლებას არ მისცეს შესაძლებლობა, წამების სისტემის შემქმნელთა წინააღმდეგ ბოლომდე მიეყვანა მართლმსაჯულება – ამ განცხადების ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. მან ეს კომენტარი ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე გააკეთა. კომისიის მომდევნო სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან დაბარებული. გამოკითხვების მთავარი თემა 2003-2012 წლებში გამართული არჩევნები იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელს, გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელს, ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მოუსმინეს.