პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 

პარლამენტში გამოკითხვები დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პროკურატურის და ცესკო-ს წარმომადგენლები და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მივიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 2004-დან 2012 წლამდე პერიოდის საქმეებზე ინფორმაციას კითხვა-პასუხის რეჟიმში იღებს. პირველ ეტაპზე ინტერესის საგანია 2004 და 2008 წლებში ჩატარებული არჩევნები, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კონკრეტული მაღალჩინოსნების ქმედებები. კომისია ასევე იკვლევს, რა დარღვევები აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წინა ხელისუფლების დროს გაგზავნილი საჩივრების შესწავლის შემდეგ და რა ფორმით ფიგურირებენ ექს-მაღალი თანამდებობის პირები იმ რეზონანსულ საქმეებში, რომლებსაც პროკურატურაში 10 წლის წინ შექმნილი დეპარტამენტი იძიებს. ცნობილია მომდევნო სხდომაზე დასაბარებელ პირთა ვინაობაც: 2004 წელს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, აუდიტის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ნათია მოგელაძე და 2008 წელს ერთიანი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე. პარტია, რომლის გასამართლების და პოლიტიკურად აკრძალვის მიზნითაც ახალი კომისიაა შექმნილი, დროებით საგამოძიებო კომისიას, ისევე როგორც პარლამენტს, არალეგიტიმურად მიიჩნევს. კომისიის ხელმძღვანელი კონკრეტულ საქმეებთან შემხებლობაში მყოფ პირებს დაბარების და არგამოცხადების შემთხვევაში მოსალოდნელ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს.