პარლამენტის პირველი სხდომა და ოპოზიციის გეგმები

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომამდე 15 საათზე ნაკლები რჩება. უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობამოპოვებული „ქართული ოცნების“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში ხვალ პროტესტის ფონზე შევლენ. პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სწორედ ამ მიზეზით, ლიდერები ხვალ ადგილებს არა სხდომათა დარბაზში, არამედ კიდევ ერთხელ, პარლამენტის წინ დაიკავებენ. აქციის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე- ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი არ გახსნის. სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, უხუცესი წევრი – ამ შემთხვევაში ლადო კახაძე გაუძღვება.