ოპოზიცია ხელისუფლებას „მეგობარი აქტის“ საპასუხო განცხადების მიღების გამო აკრიტიკებს. საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად, 11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. პარლამენტი ცრუ ბრალდებად აფასებს იმ სამ ძირითად საკითხს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ეფუძნება, მათ შორისაა დემოკრატიის უკუსვლა, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა და არასათანადო კავშირების დამყარება რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. „ქართული ოცნების“ შეფასებით, პარლამენტი ვალდებულია კონგრესში გაჟღერებულ ბრალდებებს ფაქტებით არგუმენტირებული პასუხი გასცეს. კენჭისყრას და პარლამენტის ოფიციალურ პასუხს მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პარლამენტი ამერიკის წინააღმდეგ მტრული შინაარსის დადგენილებას იღებს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად რუსეთიდან არის მართული.