საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პოლონელ კოლეგას COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერილით ეხმაურება. ლევან მახაშვილმა 6 დეკემბერს მიიღო მიწვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესახებ. თუმცა, უკვე 23 დეკემბერს პოლონურმა მხარემ ამ ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობას მხარი აღარ დაუჭირა.
„გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას – ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში. თქვენი გადაწყვეტილება COSAC-ის მომავალი ღონისძიებებისთვის ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს. საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი კი მტკიცედ აგრძელებს ამ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უკეთეს მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის, მათი გახსნისთანავე,“ – წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პოლონელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, პოლონეთმა COSAC-ის კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა. ერთობლივი განცხადება პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის – სეიმის – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომაშ გროძკიმ და პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აგნიეშკა პომასკამ გაავრცელეს. „დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო მოვლენებს საქართველოში, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმისადმი საფრთხეებს უკავშირდება. საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე ქმედებებს მავნე ეფექტი აქვს ქვეყნის შიდა ვითარებაზე, არ შეესაბამებიან დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადაჰყავთ. ჩვენი აზრით, პრინციპი, რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები მოწვეულ უნდა იქნან როგორც დამკვირვებლები COSAC-ის შეხვედრებზე, ამჟამად ვერ გავრცელდება საქართველოს პარლამენტზე საქართველოს ოფიციალური პირების მიერ დემოკრატიული სტანდარტების უხეში დარღვევების გათვალისწინებით“, – ეწერა განცხადებაში.