პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას განიხილავს

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.

ორი წლის წინ შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უქმდება და მის ნაცვლად ორი სამსახური ყალიბდება. უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ პროცესი მისი ინფორმირების და უწყებასთან კონსულტაციების გარეშე დაჩქარებულად მიმდინარეობს. კანონპროექტის მომზადება თოლორაიას დეკრეტულ შვებულებას დაემთხვა. ხელისუფლება ცვლილებებს აპარატის მიერ შეთავსებული ორი ფუნქციის – პერსონალური მონაცემების დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობით ასაბუთებს და თავის დროზე ორი ფუნქციის გაერთიანებას უკვე დღეს არასწორად აცხადებს. თუმცა, პროცესის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს ოპოზიცია, რომელიც ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. თოლორაიას უწყება იკვლევს, გახდა თუ არა 8 ნოემბერს, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ოპოზიციის, სახალხო დამცველის და საერთაშორისო პარტნიორების ნეგატიური რეაქციების მიუხედავად, თვის ბოლოს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება.

დატოვე კომენტარი