პარლამენტი რიგგარეშე სხდომას მიმდინარე კვირას მოიწვევს

მიმდინარე კვირას პარლამენტი რიგგარეშე სხდომას მოიწვევს და სამინისტროების რეორგანიზაციაზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება დღეს მოხდა. მცირე მთავრობის კონცეფციის გათვალისწინებით, ცვლილებები 116 კანონში შედის. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება და რამდენიმე უწყება ერთიანდება. მათ შორის, განათლების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდება, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდება, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ფუნქციები კი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის უწყებებზე გადანაწილდება. უმრავლესობა ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა დეპუტატთა ნაწილი სამინისტროების შერწყმის თაობაზე დამატებითი კონსულტაციების გამართვას ითხოვს. რაც შეეხება ოპოზიციას, დეპუტატები აცხადებენ, რომ სამინისტროების შერწყმით ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეიცვლება და პრობლემა არის მართვაში.