პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

ბოლო საპარლამენტო პროცედურა რეზონანსული კანონის ამოქმედებამდე.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. სალომე ზურაბიშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ვეტო ისე დაადო, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები არ გაუგზავნა. შესაბამისად, ვეტოს დაძლევის პროცედურის ფარგლებში დისკუსიის და კანონის კორექტირების პერსპექტივა აღარ არსებობს. პრეზიდენტის ბოლო ქმედებამ სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და აინტერესებს, რატომ არ დაელოდა პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა იქნება მზად. ახლა ყველაზე საინტერესოა, როგორი იქნება კომისიის სამართლებრივი შეფასება კანონზე, რომელმაც ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ მმართველი გუნდისთვის ვენეციის კომისიის შენიშვნები ან მათი ნაწილი მისაღები იქნება, კანონის ამოქმედების შემდეგ მისი გადახედვის და მთელი რიგი ცვლილებების ასახვის შესაძლებლობა არსებობს. მანამდე კი პარლამენტი კიდევ ერთი ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. ვეტოს დაძლევის დროს დარბაზში ის ოპოზიციის ის ნაწილიც იქნება, რომელიც კანონის დამტკიცების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.