როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან შეჩერებული დიალოგის განახლება და ევროპის მომავალი – ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები იმყოფებიან.
უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციას ესწრება შალვა პაპუაშვილიც. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბოლო თვეებში გაუარესებული ურთიერთობის ფონზე კონფერენციის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. გლობალური გამოწვევების და გეოპოლიტიკური ცვლილებების მიმართ ევროკავშირის მხრიდან არასათანადო რეაგირება და საქართველოს მიმართ არასამართლიან დამოკიდებულება – ეს თემები იყო აქცენტირებული შალვა პაპუაშვილის მიმართვაში. პარლამენტის სპიკერმა თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობა პოლიტიკური კონტექსტის ტყვედ შეაფასა. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება – ამ ორი ფაქტორით ახსნა პაპუაშვილმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გამკაცრებული ტონი და მძიმე გადაწყვეტილებები. ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოწოდება აქცენტირებული იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. მხარეებმა იმსჯელეს, შესაძლებელია თუ არა და რა გზებით ქართული დელეგაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც იანვარში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება დათქმებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების პირობით სცნეს.