პარლამენტარების ინიციატივა

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თეონა აქუბარდია უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, რეზოლუციის მიღება მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან გრძელდება უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების ძალადობრივი გადასახლება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მიიღო.