თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარკირების საშვის აღების წესი შეიცვალა. მანამდე სპეციალური საშვი მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვების მქონე ადამიანებზე გაიცემოდა, ცვლილების შემდეგ კი ამ უფლებას, შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, ნებისმიერი შშმ პირი მიიღებს. თუმცა საჭიროა სპეციალური ცნობის წარდგენა, სადაც დადასტურებული იქნება, რომ პირს გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს. სწორედ ამ ჩანაწერის მოთხოვნამ გამოიწვია შშმ პირთა ნაწილის პროტესტი. არის შემთხვევები, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, თუმცა გადაადგილება მისთვის მაინც სირთულეებს უკავშირდება. როგორ უნდა აღსრულდეს სადავო ჩანაწერი ისე, რომ გადაადგილების სირთულის მქონე მოქალაქეები პარკირების საშვის გარეშე არ დარჩნენ – პროცესში ომბუდსმენის აპარატიც ჩაერთო.