ნოტრ-დამის აღდგენით ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ, რა შეუძლიათ დიდ ერებს – შეუძლებლის მიღწევა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნოტრ-დამის გახსნის საზეიმო ცერემონიას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, – დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირე, მილიარდერი ილონ მასკი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიისა და გერმანიის პრეზიდენტები, გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და სხვები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რელიგიური ლიდერები და მსხვილი დონორები, რომლებმაც აღდგენითი სამუშაოებისთვის შემოწირულობა გაიღეს. ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ის მეხანძრეები, რომლებიც ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის 15 აპრილს ხანძრის შედეგად დაზიანდა. კერძოდ, ცეცხლმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის სახურავს და შპილს. ტაძრის რესტავრაციაზე ასობით სპეციალისტი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა.