შალვა პაპუაშვილის პასუხი უკრაინის რადას თავმჯდომარეს. „მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა, აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება, ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა. წერს პაპუაშვილი, რუსლან სტეფანჩუკის განცხადების საპასუხოდ. მისი თქმით, აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებასაც, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა. ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას, თავისთან შეეფარებინა ქართველი დიქტატორი. აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასურველ პირებად გამოაცხადა, მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა.
„უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა. საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ არ დასრულებულა, “ – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის რადას თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოეხმაურა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობდა რომ ზელენსკი უმადური ადამიანია, რომელიც არ იჩენს მადლიერებას, არც აშშ-ის და არც საქართველოს მიმართ. სტეფანჩუკმა დაწერა: ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.
ამ ფონზე, გაერო-ს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა,“ რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს,“ – წერს სტეფანჩუკი.