„პანტელენას“ ქართველი კაპიტანი ტყვეობის დეტალებს იხსენებს

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, „პანტელენას“ ქართველი კაპიტანი, ლაშა გადილია პირველ არხთან  ცხრა-დღიანი ტყვეობის დეტალებზე საუბრობს. სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ 13 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 23:30 წუთზე, როდესაც გემს მისი თანაშემწე მართავდა, შეიარაღებული მეკობრეები თავს დაესხნენ, იარაღის მუქარით აიძულეს სამართავი კაიუტის კარის გაღება, რის შემდეგაც გემი გაიტაცეს. თავდამსხმელებმა ყველა მეზღვაური იარაღის მუქარით ერთ ოთახში ჩაკეტეს, სადაც მათ ცხრა დღის განმავლობაში არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. მისი თქმით, მეკობრეები მეზღვაურებს ფიზიკურად არ შეხებიან და პერიოდულად წყალს და საჭმელს აწვდიდნენ. მეათე დღეს გემ „პანტელენას“ მეზღვაურები გაათავისუფლეს, თუმცა ისინი არ საუბრობენ დეტალებზე, რის სანაცვლოდ მოხდა მათი გათავისუფლება.

ლაშა გადილიას თქმით, ამ დროისთვის, ისინი კონგოში იმყოფებიან და გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდებიან. 17-ვე მეზღვაური უკვე დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და მათი თქმით, თავს ყველანი კარგად გრძნობენ.