პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი

პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული ადვოკატმა მოდულის შენობაში დღეს მოინახულა, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებით, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

დავით მოდებაძის განცხადებით, იდოიძეს დაკავების პროცედურაზე პრეტენზიები არ აქვს და ამ პროცესში რაიმე სახის გადაცდომები არ ყოფილა. ადვოკატს საქმის მასალები ბრალის წაყენების შემდეგ გადაეცემა, ამისთვის, კანონით დადგენილი 48-საათიანი ვადა კი ხვალ იწურება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ზურაბ იდიოძე სასამართლო განჩინების საფუძველზე გუშინ, ახმეტაში დააკავა, რის შემდეგაც სოფელ ომალოში, მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და ისინი ავტომანქანით თურქეთ-საქართველოს საზღვართან მიიყვანა. გამოძიება 331-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  დაკავებულს ბრალი ოფიციალურად შეიძლება დღეს წაუყენონ.