პანდემიის მესამე ტალღა

ბოლო დღეებში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების გამო საავადმყოფოებზე ზეწოლა იზრდება.

თბილისის რამდენიმე მსხვილ კლინიკაში თავისუფალი ადგილების დეფიციტია. ბოლო ორი დღეა, ინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა 1 000-ს აჭარბებს. 2%-ზე მეტია ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი, თუ ეს მონაცემი 4%-ს ასცდება, შეზღუდვების ამოქმედება გარდაუვალი გახდება. განსაკუთრებით საფრთხის შემცველად სახელდება სარესტორნო სფერო, ასევე სარიტუალო დარბაზები. მორიგი ეპიდ-აფეთქება სწორედ სუფრის კლასტერებმა გამოიწვია. დაწყებული მესამე ტალღის შესაკავებლად ვაქცინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა პროცესი ნელა მიმდინარეობს. დაბალ მიმართვიანობასთან ერთად კიდევ ერთი მიზეზი ვაქცინების სიმცირეა. ზაფხულამდე „ფაიზერის“ მეორე პარტიის, ანუ შეკვეთილი მილიონი დოზის მიღება საეჭვოა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს.

დატოვე კომენტარი