პანდემია და სოციალური პასუხისმგებლობა 

დაწესებული შეზღუდვების მკაცრად აღსრულებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაივლის ქვეყანა პიკს.

ეპიდემიოლოგები ეპიდემიოლოგიური ვითარების კრიტიკულად დამძიმებას და პიკურ პერიოდს სწორედ ნოემბრის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებდნენ, თუმცა არ არსებობს პასუხი კითხვაზე – როდის გადავივლით პიკს. მაშინ როდესაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების სისწრაფის შესაჩერებლად სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი და კაფე-რესტორნები დახურული, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებული და ე.წ. კომენდანტის საათი გახანგრძლივებულია, ქვეყანაში არჩევნების შედეგების და შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მაინც გრძელდება. მათ შორის არიან მკაცრი რეგულაციების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებიც. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ბათუმში გამართულ დღევანდელ აქციაზე ყველა რეგულაცია დაირღვა. საღამოს ცხრა საათის მერე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებას არ აპირებენ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.