კორონავირუსის ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პაციენტები არ მიუღიათ, თუმცა კლინიკა გუშინ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კიდევ ერთი კი, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაეწერება. ამ დროისთვის, რესპუბლიკური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 39 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, რომელთაგან შედარებით საყურადღებოა ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 39 ანალიზიდან 26 პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. 13 პაციენტზე კვლევა გაგრძელდება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კი, დღეს შესაძლოა, 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს. ამ ეტაპზე ხუთ პაციენტს ვირუსი აღარ აქვს, ელოდებიან კიდევ 11 პაციენტის ანალიზის პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან 16 პაციენტი გაეწერება.

ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში სულ 112 პაციენტი მკურნალობს, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი იმყოფება. სამის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139. ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ოთხი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ორი მათგანი არასრულწლოვანია. სამი პაციენტი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, მეოთხე პაციენტთან დაკავშირებით კი მოკვლევა მიმდინარეობს.

ოთხი ახალი პაციენტი ჰყავს ბოჭორიშვილის კლინიკას. ერთი მათგანი 80 წელს გადაცილებულია. ერთი კი არასრულწლოვანი. ისინი ერთი ოჯახის წევრები და მათი ახლობლები არიან. მათი ინფიცირების წყარო ბოლნისის კლასტერთან არის დაკავშირებული.