PACE-ს რეზოლუციის პროექტი საქართველოზე - შეფასებები

დღეს ევროსაბჭოში საქართველოზე დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილისთვის საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმული მწვავე შეფასებები მოულოდნელი არ ყოფილა, მმართველი გუნდისთვის კი რეზოლუციის ტექსტი უსამართლოა და რეალობას აცდენილი. „საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების უგულვებელყოფა და სწრაფი უკუსვლა“ – ეს არის ბრალდებები, რაც დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით არის გამოთქმული. დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკა, უსაფუძვლო თავდასხმები და ბრალდებები საერთაშორისო საზოგადოების წევრების მისამართით. ტექსტში ასევე დაგმობილია მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, რომლებიც ასამბლეის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. რეზოლუციის პროექტი ეხება ასევე 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს. ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ არ შესრულდა მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებელი და ინკლუზიური პროცესის შესახებ. არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა კი ეუთო-ში დაგვიანებით განზრახ გაიგზავნა, რამაც მათი დაკვირვება შეუძლებელი გახადა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთება გამოხატავს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „გრანტების შესახებ“ კანონების მიღების გამოც. დოკუმენტში დაგმობილია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაც.