PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის განცხადება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო“ და აცხადებს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები“. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული. დოკუმენტი ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის მიხედვით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს ასახავს, სადაც აღნიშნულია, რომ „ასამბლეის არც ერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა“. ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატიის მიმდინარე რღვევა „სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების მზადყოფნის შესახებ, დაიცვას საქართველოს ევროსაბჭოში წევრობის და გაწევრიანების ვალდებულებები“. პარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ „რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები ამჟამად საქართველოში არ არსებობს“, რაც დაკავშირებულია „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაუნდობელ რეპრესიებთან, ასევე ქვეყანაში არსებულ უკიდურეს სოციალურ და პოლიტიკურ პოლარიზაციასთან“. რეზოლუციის პროექტში მოთხოვნილია „რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება“. კომიტეტმა დამატებით გამოთქვა წუხილი, რომ „დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ სანდო გამოძიებები არ ჩატარებულა“ და განსაკუთრებით შეშფოთებულია „ცნობებით, რომ აქციების დაშლისას თბილისში აკრძალული ქიმიური აგენტები გამოიყენეს“. საბოლოოდ, ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც, მათი თქმით, „ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“.