PACE-ს დელეგაცია თბილისში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიერ თბილისში გამართული შეხვედრები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პასეს შეფასება მკაცრი იქნება ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებასა და რეპრესიებზე. ხელისუფლების მიმართ კრიტიკის მოლოდინში არიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ შეხვედრებზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო არჩევნებსა და საკონსტიტუციო სარჩელს. მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტი დაბალანსებული იქნება და მასში მმართველი გუნდის მოსაზრებები აისახება.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ორი დღის განმავლობაში თბილისში შეხვედრები გამართა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაა, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი.