ოპოზიციის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მმართველი გუნდის ლიდერებმა მიიღეს.
მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ. როგორც ირკვევა, სტუმრებმა კითხვები დასვეს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებაზე, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე და 4 ოქტომბრის არჩევნებზე. დელეგაციას ასევე აინტერესებდა, თუ როგორ ესახება ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზის გაგრძელება. ვიზიტის მიმართ ინტერესს ზრდის ის ფაქტორი, რომ თითქმის ერთი წელია, ქართულ დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა საკუთარი გადაწყვეტილებით შეჩერებული აქვს. მიზეზი ასამბლეის მწვავე რეზოლუციაა, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ხელისუფლება ამ მოთხოვნას წითელ ხაზად აცხადებს. მმართველმა გუნდმა დღეს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ ამ ჩანაწერის გადახედვამდე ქართული დელეგაცია ასამბლეაში არ დაბრუნდება. ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩიმ გიორგი გახარიას პარტიის წევრებსაც მოუსმინეს. ვიზიტის დასრულების შემდეგ კომიტეტის თანამომხსენებლებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკუთარ ანგარიშში უნდა ასახონ.