პაატა ბურჭულაძის გეგმა 

ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდება.

4 ოქტომბერს დაგეგმილი შეკრების ორგანიზატორი, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე გეგმის დეტალებს ასაჯაროებს. სამოქმედო სტრატეგია თვითმმართველობის არჩევნების დღეს ეროვნული კრების გამართვას, მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობას და საღამოს რვა საათისთვის ხელისუფლების გადაბარებას მოიცავს. იმავე დღეს იგეგმება ტექნიკური მთავრობის წარდგენაც, თუმცა ბურჭულაძე კონკრეტულ შემადგენლობას ჯერ არ ასახელებს. განსაკუთრებული რეზონანსი გამოსვლის იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც ოპოზიციის ნაწილის პასიურობით უკმაყოფილო მსოფლიო ბანი შესაძლო უმართავ პროცესებზე საუბრობს და ნეპალის მძიმე მოვლენებთან ავლებს პარალელს. ყოფილი თავმჯდომარის და აქციის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ 4 ოქტომბრის შეკრების მზადებაში აქტიურად არის ჩართული „ნაციონალური მოძრაობაც“. განსხვავებით დანარჩენი ოპოზიციისგან, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიისა და ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ-ორგანიზებული შეკრებისგან ამ ეტაპზე დისტანცირებულია. თვითმმართველობის არჩევნებში ჩართული ოპოზიციური პარტიები კი არჩევნების დღისთვის მომზადებულ გეგმას საჯაროდ ემიჯნებიან.