პაატა ბურჭულაძის განცხადება
„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“ – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმის მონაწილეების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს ეხმაურება, რასაც, მისი თქმით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ,,ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ – პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას.” – წერს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე. მისივე თქმით, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი ის თავად იყო, აღნიშნული ვერშემდგარი დამხობის დღეს კი – „ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღედ“ მიიჩნევს.