ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი, ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საუბარია ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობაზე, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაზე.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქმედი გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობა სცადეს. ასევე, ბრალდებულებმა ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. გაგრის ჯგუფის წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა. მათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგ მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სამივე ბრალდებული შეყვანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში.