ოთხი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან – გამოხმაურება
უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერები კიევში ჩავიდნენ. მათ შორის – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. „ომის დაწყებიდან კიევში ვარ მეათედ, იმის დასადასტურებლად, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ამ მძიმე ზამთრის განმავლობაში იმის ხაზგასასმელად, რომ უკრაინის სამართლიანი ბრძოლის მიმართ, ჩვენი ვალდებულება უცვლელია და იმისთვის, რომ გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში. ანტონიუ კოშტას განცხადებით, კვლავ ერთი საერთო მიზანი არსებობს – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინაში. ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლას ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი. რობერტა მეცოლაც აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცე და გამძლეობა ისტორიაში დარჩება.