ოთხი ევროპარლამენტარი ქართული მედიის წინააღმდეგ 

21:12, 05.05.2026

ბრიუსელის უცვლელი რიტორიკა და გამაფრთხილებელი გზავნილები თბილისის მიმართ – საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ ჩვენს ქვეყანაზე წარდგენილმა ანგარიშმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ახლა დოკუმენტი სესიაზე გასატანად მზადდება.

დემოკრატიული უკუსვლა, ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დევნა-შევიწროება, რეპრესიებად შეფასებული კანონები – ასეთია ძირითადი ფორმულირებები. მოთხოვნაა პერსონალური სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ და ამ პროცესში ახლა ანგარიშის ავტორს უნგრეთის იმედი აქვს, რომელიც მანამდე სანქცირების საკითხს ბლოკავდა. „ქვეყანა სწრაფად განაგრძობს ავტორიტარული მმართველობის ჭაობში ჩაძირვას“ – ეს არის ნაწყვეტი ანგარიშიდან, რომელიც ბოლო წლებში ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული მწვავე შინაარსის რეზოლუციებისა და ანგარიშების სულისკვეთებას იმეორებს. ხელისუფლების ლეგიტიმაციის არ აღიარებისკენ მოწოდების გარდა, გაჟღერდა მედიის დასანქცირების მოთხოვნაც. შესწორებები, რომლებიც ჯერ არ დამტკიცებულა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების დასანქცირებას, ასევე „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტ ტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

მსგავსი