ოთარ ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიება

დღეს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ახალი პუბლიკაცია, სახელწოდებით „ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ფრაგმენტებით გაცოცხლებული ისტორია“ წარადგინეს. ნაშრომში პირველად არის წარმოდგენილი ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს კოლექციის დიდი ნაწილის ინტერდისციპლინური კვლევის შედეგები.

ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება ქართული არქეოლოგიის საერთაშორისო აღიარება, იგი ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიურ კვლევებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა კოლხეთის დედაქალაქის ციხესიმაგრეები, სამეფო სამარხები, ოქროსა თუ ბრინჯაოს უნიკალური ნიმუშები.