ოთარ კახიძე: მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე მედიაში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება. ფოტოზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და მთავრობის პიარ დეპარტამენტის ხელმძღვანელი არიან.

ოთარ კახიძის განცხადებით, ფოტო მათი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა რესტორანში გადაიღო. ამავე წევრის ინფორმაციით, რესტორანში შეკრებილი საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხზე მსჯელობდა.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ბორდის წევრად კონკრეტული კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობის უფლება დირექტორს არ შეუძლია, რადგან ასეთ დროს ინტერესთა კონფლიქტი იქმნება, რადგან სამეურვეო საბჭო მენეჯმენტის მაკონტროლებელი უნდა იყოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ შეხვედრა დაახლოებით ორი თვის წინ შედგა. იანვრის თვეში კი სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის საკითხი საერთოდ არ განხილულა. მით უმეტეს იმ შეხვედრაზე, რომელიც, მაღლაფერიძის განცხადებით, მეგობრების წრეში და თან, საჯარო სივრცეში შედგა.