ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი - შეხვედრა განათლების სამინისტროში 

მღელვარება არ ცხრება განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული კიდევ ერთი გეგმის გარშემო.

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების სადავო ინიციატივის გამო განათლების სამინისტროში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შემდეგ მინისტრის მოადგილე ამჯერად თსუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. გაერთიანების გეგმის მიმართ უმაღლეს სასწავლებლებში არაერთი პრეტენზია და შენიშვნა აქვთ. პროფესორ-მასწავლებლებს აინტერესებთ, რატომ არ გაიარეს გეგმის ავტორებმა აკადემიურ საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციები. განათლების სამინისტრო ორი ისტორიული სასწავლებლის შერწყმას რეიტინგების გაზრდის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების არგუმენტებით ხსნის, რაც გაუგებარია პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ჩნდება კითხვები, თუ რა პრინციპით მოხდება გაერთიანება და ფაკულტეტების გადანაწილება და რაც ყველაზე მთავარია, მოჰყვება თუ არა კადრების და სტუდენტთა კვოტების შემცირება.