ორი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი - მკვლელობა თბილისში

ორი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი. კოსტავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში, არაოფიციალური ინფორმაციით, ათამდე პირი მონაწილეობდა. ასევე, არაოფიციალური ცნობით, რამდენიმეს ეძებენ სამართალდამცველები. დღეს ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტერიტორია დაათვალიერეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაც. ინციდენტის სავარაუდო ადგილზე, სახანძრო სამსახურიც იყო გამოძახებული, სავარაუდოდ, სისხლის კვალის გადასარეცხად. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გადანაწილებას უკავშირდებოდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა და  დაინახეს ერთი პირი როგორ გადახტა შენობიდან და გაქცევას შეეცადა. მათი ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილობრივი მცხოვრებლები არ ყოფილან. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხეჩინაშვილისა და ალადაშვილის სახელობის კლინიკებში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.