ორი აქცია სოფელ დუისში და ჩაშლილი პანკისობა

სიმშვიდეა ამ წუთებში პანკისის ხეობაში, სადაც დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად ორი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. დღესვე სოფელ დუისის მაცხოვრებლების ნაწილმა სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ხმაურიანი საქმის გამოძიებას მიადევნებენ თვალს.

ჩაიშალა სახალხო ზეიმი პანკისობაც, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი.

რამდენიმე საათით ადრე კი მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დიდების მემორიალთან იყვნენ შეკრებილები. მათ პროტესტის ნიშნად მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და პანკისობაზე მიმავალ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ავტომობილმა ტერიტორიაზე შესვლა სცადა. მომხდარის გამო, აქციის სამი მონაწილე დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაშავებულებს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. შემთხვევა პანკისის სათემო რადიომ გადაიღო.

სამართალდამცველებმა კი ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რომელმაც პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. საბოლოოდ პანკისობა 2018 აღარ ჩატარდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ღონისძიება დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაუქმდა.