ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სასამართლო პროცესი

21:16, 03.06.2026

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე სამი მოქალაქეა დაკავებული, ექვსი პირის მიმართ კი – სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლომ დღეს ხუთი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმჯელა, პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული. დაკავებულები სრულად აღიარებენ დანაშაულს და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. „ქეისებში“ იწერებოდა არარსებული ისტორიები, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, დაკავებულებს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი