ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - სასამართლო პროცესი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებული 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა სასამართლომ. 3 პირს პატიმრობა, ერთს კი – 15 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების მუხლებით. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.