ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება
გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა. ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი. საუბარია გიორგი ხატიაშვილზე, რომელმაც დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა. საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ეფექტიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად ექსტრადირებულია გერმანიიდან.